ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს საიტზე!
საქართველოს ტერიტორიაზე  ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ხასიათის ძეგლია გაფანტული. მათი დიდი  უმრავლესობა  უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის.  ამიტომაც ითვლება საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად.  აქ  ძეგლი ლანდშაფტის  განუყოფელი ნაწილია.  თითოეულ მათგანში იმდენი მრავალფეროვნებაა, იმდენი  სიდიადეა ჩაქსოვილი, რომ  გიძნელდება თქვა, რომელია უკეთესი კლდესთან  შეზრდილი  ჯერის მონასტერი, თუ ხეობის ტაფობზე მდგარი  სვეტიცხოველი;  მთის გვირგვინი ქსნის ციხე, თუ ალაზნის ველზე დევმუხასავით აღმართული ალავერდის ტაძარი; მერცხლის ბუდეებივით კლდეს გამოკიდული  უფლისციხის, ვარძიის  გამოქვაბულები, თუ  ფერდობს შეფენილი სვანური კოშკები. ყველა  ეს  ძეგლი  წინაპართა  ნაღვაწ-ნაამაგარია, თითოეულ მათგანს შესაბამისი საუკუნის დაღი  აზის, მათში იკითხება წარსული კულტურა. თუ ყველაფერ ამას  არ შევისწავლით, ისე ახალი კულტურის შენება წარმოუდგენელია.
ან როგორ შეიძლება გულგრილად უცქირო  ხელოვნების  მშვენებას; არ  დაგაინტერესოს შენს მხარეში, სოფელსა  თუ ქალაქში მდგარმა ქვით ნაგებმა,  ხავსმოკიდებულმა  შენობამ, რომელშიც  შენს წინაპარს  თავისი ნაფიქრი  და ნააზრევი  ჩაუქსოვია.
ერთ ძეგლში  თუ წარსული თაობის სიდიადე  ჩანს, მეორეში - სიცოცხლის სიყვარული, მისი შენარჩუნვბის სურვილი გამოსჭვივის.
ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგებიდან ხუროთმოძღრებას განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი მრავალსახეობით: კერძოდ მოგვეპოვება ეკლესიები, საცხოვრებელი სახლები, სათავდაცვო ნაგებობები, სამეურნეო შენობები, ხიდები და სხვა. მართალია საქართველოში ჯერ ძეგლების აღრიცხვა კი არ არის დასრულებული, მაგრამ ცოტაა 20 თუ 25 ათასი ძეგლი, რომელთზეც ზოგადი წარმოდგენა მაინც გვაქვს? სამწუხაროდ, ამ მცირე ფართობის ტერიტორიაზე ქართველი აშენებდა და მტერი ანგრევდა, მაგრამ ის რაც გადარჩა, საკმარისია იმისათვის, რომ ქართულ ხუროთმოძღვრებას მაღალი შეფასება მიეცეს. სხვადასხვა პერიოდში ქართული ხელოვნება ქმნიდა ისეთ მაღალმხატვრულ ქმნილებებს, რომლებიც აშკარად ამშვემებენ ჩვენი ქვეყნის ხელოვნებას.
ჩვენი მიზანია მოვიძიოთ და ამ საიტის საშუალებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ძეგლების შესახებ.
გამოყენებული ლიტერატურა:

პ.ზაქარაიას "სამშობლოს გუშაგები";
პ.ზაქარაიას "ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.";
ვ.ბერიძე "სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები";
"საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა"(წიგნი 5).


სურათები მოგვაწოდა ლადო ნიკვაშვილმა.
კონტაქტი:
e-mail: admin@dzeglebi.com,   phone: 593 67-48-27